ე.წ. კანონიერი ქურდები

"ლავას ოღლის" ადვოკატი: ბრალდება არ არის საფუძვლიანი

გუშინ აეროპორტში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად "ლავას ოღლის" ადვოკატის მტკიცებით, ქართველმა სამართალდამცავებმა გორაძე მოლდოვადან ფაქტობრივად, "მოიპარეს".

"ამ ეტაპზე დუმილის უფლებას ვიყენებთ, ჩვენთვის გაურკვეველია ბრალდების არსი, მიგვაჩნია, რომ ბრალდება არ არის საფუძვლიანი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენმა სამართალდამცავებმა მოლდოვის სახელმწიფოდან ფაქტიურად იგი მოიპარეს, ვინაიდან და რადგანაც, ამ ადამიანს მოლდოვაში ჰქონდა პროცესები სხვა საკითხთან დაკაშირებით და შესაბამისად, უცებ ერთ დღეს, დილის 5 საათზე მას თავს დაესხნენ და აღმოჩნდა საქართველოში" - აცხადებს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად "ლავას ოღლი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე - გურამ ა., მეტსახელად "ლავას ოღლი") 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა"კანონიერ ქურდად", დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

კომენტარები