უმცირესობები საქართველოში

ევროსაბჭო: საქართველოში ეროვნული უმცირესობების მარგინალიზაცია მძაფრდება

ევროსაბჭომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც, მიუხედავად მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, რაც საქართველოს მთავრობამ გადადგა ამ მიმართულებით - მიიღო ანტიდისკრიმაციული კანონი, ხელი შეუწყო მედიის მუშაობასა და კულტურული ღონისძიებების გამართვას უმცირესობათა ენებზე და უმცირესობათა ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზება, ენობრივი ბარიერები, სწავლების ხარისხი, სიძულვილის ენა და რელიგიური დაძაბულობა ქვეყანაში მაინც აქტუალურ პრობლემებად რჩება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ძალიან მცირე რაოდენობაზე არის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული და მხოლოდ რამდენიმე საქმეა სრულად გამოძიებული. ასევე, ანგარიშის თანახმად, ცნობები იმის შესახებ, რომ შემთხვევები დომინანტი რელიგიის სასარგებლოდ წყდება, ძირს უთხრის პოლიციის ნდობას და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მზარდ უკმაყოფილებას იწვევს.

ექსპერტები ანგარიშში წერენ, რომ სკოლებში მართლმადიდებლური რელიგიური პრაქტიკის დანერგვას ხშირად თან ახლავს მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის არატოლერანტული დამოკიდებულებები, ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს უმცირესობების გაუცხოება და დამცირება. ექსპერტების მოსაზრებით, ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც, სკოლა ნეიტრალური სივრცეა, სადაც რელიგიური ინდოქტრინაცია და იძულებითი ასიმილაცია აკრძალულია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 300 სკოლაში სწავლება მიმდინარეობს უმცირესობათა ენებზე, ამ სკოლებში განათლების ხარისხის დონე საშუალოზე დაბალია. უმცირესობებს აქვთ ენობრივი ბარიერები, რაც იწვევს მათი ეროვნული იდენტობისა და კულტურის მარგინალიზებას და ისინი არ არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სხვა საკითხები, რომლებზეც ევროსაბჭოს ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს, იყო საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობა ადამიანის უფლებათა მოქმედი სტანდარტების შესახებ, ინფორმირებულობის ხელშესაწყობად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ნაკლებობა და უმცირესობებისთვის ტელევიზიით ინფორმაციის მიწოდების დაბალი ხარისხი.

ევროსაბჭო საქართველოში არსებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, კონსტრუქციული მუშაობა განაგრძონ ქვეყნი მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მცხოვრები უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით.

კომენტარები