უმცირესობები საქართველოში

ივანიშვილი: რელიგიური ექსტრემიზმი 9-წლიანი მმართველობის გადმონაშთია

Georgian opposition leader Ivanishvili gestures during a news conference in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

შერატონ მეტეხი პალასში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, პასუხი გასცა ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის შეკითხვას, რომელიც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რელიგიური ექსტრემიზმის გააქტიურებას ეხებოდა.

"გეგმა გვაქვს ესეთი, რომ საქართველოში იყოს და ბატონობდეს მხოლოდ სამართალი. ჩვენი კონსტიტუციით, ყველა რელიგიურ უმცირესობას აქვს უფლება, რომ მათ ჩაატარონ პროცესი და აღასრულონ ლოცვა. მინდა დავარწმუნო საზოგადოება და პირველ რიგში მე მივმართავ (დედოფლისწყაროს რეგიონია) სამთაწყაროს მოსახლეობას, კეთილი ინებონ და დაიცვან კანონიერება. ჩვენ ვცდილობთ იქ მოლაპარაკების გზით, და ეს ვფიქრობ, საუკეთესო საშუალებაა, რომ ორივე მხარე დავარწმუნოთ, რომ მშვიდობიანად მისცენ საშუალება უმცირესობას აღასრულონ თავისი რელიგიური მრწამსი. და თუ ეს არ მოხერხდება მოლაპარაკების გზით, ჩვენ გამოვიყენებთ კანონს მთელი სიმკაცრით", - განაცხადა ივანიშვილმა.

დედოფლისწყაროს რეგიონში განვითარებული მოვლენების გარდა პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც მისი აზრით განაპირობა რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივება.

"ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს არის 9-წლიანი მმართველობის გადმონაშთი და ხელოვნურად ინსპირირებული. ხელოვნურად ხდებოდა ამის მიჩქმალვა და მიჯირყვნა, ამან თავი წამოყო დღეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ქართველ ერს ტოლერანტობა არ ესწავლება.

"ჩვენ ბევრი შეიძლება გველაპარაკონ ევროპიდან და ამერიკიდან, მაგრამ ტოლერანტობა არ გვესწავლება ქართველ ერს და ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ყველაზე მომთმენი ერი ვართ, ამას ასაბუთებს ჩვენი ისტორია. მეჩეთის აშენება და რელიგიური მრწამსის აღსრულება არ იყო საქართველოში პრობლემა არასდროს. იქნება მსგავსი გამოვლინებები, მაგრამ ვფიქრობ ადვილად გავართმევთ ამას თავს. ჩემი აზრით, დროში ეს ძალიან იოლად დალაგდება. თუმცა, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრნი და ძალიან აქტიურად დავიცავთ ყველა ტიპის რელიგიურ უმცირესობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

უმცირესობების დაცვის კონტექსტში ჟურნალისტი შეეცადა პრემიერთან 17 მაისის ძალადობასთან და მისი ორგანიზატორების დაუსჯელობასთან გაევლო პარალელი. ჟურნალისტის კითხვას დარბაზში შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც ისევ პრემიერმა განმუხტა.

"ჩვენ დემოკრატია გვჭირდება და მიეცით საშუალება საკუთარი აზრის გამოთქმის", - მიმართა პრემიერმა ასავალ-დასავალის ჟურნალისტს, რომელიც კითხვის ფორმულირებას აპროტესტებდა.

პრემიერის თქმით, 17 მაისის მოვლენებიც "წინა ხელისუფლების მიერ დამყარებული წესრიგის შედეგი იყო".

"პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ მოქმედი 2 მღვდელმსახური პასუხისგებაში მიეცა, და ისინი დაისჯებიან კანონის შესატყვისად. 17 მაისი იდეალური ხელწერა იყო ხელისუფლების, პოლიცია იდეალურად მოიქცა, რეალობიდან გამოვიდა და გამოძვრა, რაც შეიძლებოდა კარგად. თუმცა, საშინელი სანახავი იყო ის, რაც ხდებოდა 17 მაისს, მაგრამ ეს არ იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგი. ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ უმცირესობებს. ეს კანონის უზენაესობით უნდა მოვახერხოთ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

პრესკონფერენციაზე 17 მაისთან კონტექსტში მოგვიანებით კიდევ ერთი შეკითხვა დაისვა. ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთის კითხვაზე, იცნობს თუ არა პრემიერმინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ჰომოფობიურ განცხადებას 17 მაისთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ არაკორექტული გამონათქვამების გამო დავით საგანელიძეს საბჭოზე შენიშვნა მისცა.

"მას საბოდიშო არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი ფრაზები არაკორექტული იყო და მან ეს გამოასწორა. რაც თქვა საგანელიძემ, იგივე თქვა სააკშვილმაც და კიდევ უარესად თქვა. მე მივეცი მას შენიშვნა საბჭოზე და ამის შემდეგ დაწერეს ჟურნალისტებმა კიდეც, რომ მან გამოასწორა შეცდომა. გაცილებით არაკორექტული იყო თქვენი... ჩვენი პრეზიდენტი, როცა ამ თემაზე ისაუბრა", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები