თბილისის მერიის ცნობით, შპს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მერია აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზი - 2 61 90 50.
"მთელი ღამის განმავლობაში, მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები - ამ დრომდეა მობილიზებული მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი", - წერია მერიის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ წყნეთსა და კოჯორში გზის გაწმენდითი სამუშაოები დავით ნარმანიამ პირადად მოინახულა.
"ძირითად ნაწილში, სადაც დღის განმავლობაში და საღამოს აქტიურად თოვდა, ინტენსიურად მუშაობდნენ ჩვენი ბრიგადები. მთელი ღამის განმავლობაში არის მორიგეობა. 180 ადამიანი და შესაბამისად, 10 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკაა მობილიზებული. დილას ადრე მოიყრება, კიდევ, დამატებით მარილი, რათა ყინვების შემდგომ გადააგილება იყოს ასევე მარტივი, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ ყინვების დროს მოქალაქეები ზაფხულის საბურავებით გადაადგილებას მოერიდონ, რათა ამას არ მოჰყვეს ავტომანქანების დაზიანება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები. ჩვენი სამსახურები ინტენსიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ რაიმე სახის შეზღუდვები და შეფერხებები გზებზე არ იყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





