დეპუტატის პენსია

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიას ითხოვენ

dic.academic.ru
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის დანიშნავს ითხოვენ, საკითხი პარლამენტში უკვე შესულია და მას მომხრეებიც ჰყავს. ერთპარტიული უმაღლესი საბჭო 1989 წლამდე საქართველოს სსრ-ის საკანონმდებლო ორგანო იყო. ყოფილი დეპუტატების თქმით, მათაც აქვთ უფლება მიიღონ სადეპუტატო პენსია, რადგანაც ისინი საკუთარი შრომით საქართველოსთვის მოღვაწეობდნენ. 
 
პენსიის დანიშვვნას მხარს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური უჭერს. მეჭიაურის თქმით, ყოფილი დეპუატეტბის რაოდენობა მცირეა და ის ბიუჯეტზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
 
"ეს ეხება სადღაც 80-90 ადამიანს, მათ შორის ისეთ ღვაწლმოსილი პიროვნებებიცაა, როგორიც ნონა გაფრინდაშვილი და თემურ ჩხეიძე არიან. უნდათ წარმოაჩინოს ეს თითქოს კომუნისტურ ნომენკლატურას ეხება მხოლოდ. კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ ისინიც ვინც შემდეგ გამსახურდიას პარლამენტშიც ვინც იყო დიდი ნაწილი სადღაც 40%-მდე რომლებიც არათუ იღებენ სადეპუტატო პენსიას, არამედ მის 3 ათას ლარამდე გაზრდასაც მოითხოვენ. იურიდიულ მხარეს რაც შეეხება, მე გეტყვით, რომ ყველაფერი შესაძლებელია რასაც პარლამენტი მიიღებს.“ - ამბობს თამაზ მეჭიაური.
 
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თუკი მათ 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ სიცოცხლის ბოლომდე იღებენ 560 ლარიან სადეპუტატო პენსიას. მათი რაოდენობის კიდევ 80-ით გაზრდის შემთხვევვაში დეპუტატთა საპენსიო ბიუჯეტი წელიწადში ნახევარი მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს, ინიციატივას უმრავლესობის წევრი რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან.
 
კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის თქმით, იურიდიულად რთულად წარმოსადგენია უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის პენსიის დანიშვნა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველო არ არის საქართველოს სსრ-ის სამართალმემკვიდრე. ზედელაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება გასაბჭოებამდე არსებული 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივ მემკვიდრეობას.
 
"საქართველო არ არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე და საბჭოთა საქართველოს პოლიტიკურ რეჟიმებთან კონსტიტუციური განგრძობადობა არ გვაკავშირებს. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა მიუთითებს მხოლოდ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე.
 
ვფიქრობ არ არსებობს ჯანსაღი კონსტიტუციური ან ადამიანის უფლებათა არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა საქართველოს სსრ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა გათანაბრებას, საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოთა რეჟიმის პირობებში, არჩევნები ფიქცია გახლდათ და მასში მხოლოდ კომუნისტური პარტიის წევრები ან კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები მონაწილეობდნენ. ამგვარი წესით არჩეული ორგანოების დემოკრატიული წესით არჩეულ ორგანოებთან გათანაბრებით, ჩვენ მნიშვნელოვნად დავაკნინებთ ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ზოგადად უკეთესი იქნებოდა თუ საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ დუმილით არ გადაწყვეტდა საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის კონსტიტუციური და სამართლებრივი მემკვიდრეობის საკითხს და ამ პრობლემების გადასაჭრელად ცხად წესებსა და პრინციპებს დაადგენდა." - ამბობს ზედელაშვილი. 
 

კომენტარები