ლარის გაუფასურება

სავალუტო აუქციონზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2.48 ლარს გადააჭარბა

Bloomberg-ის ტერმინალი
Bloomberg

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის წაგებით დაიწყო. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ სავალუტო აუქციონზე 2.48 ლარს მიაღწია, რაც ლარის გაუფასურების რეკორდს წარმოადგენს. აღნიშნული კურსი ჯერჯერობით არაოფიციალურია. ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17 საათზე გამოაქვეყნებს. რეკორდული გაუფასურების შემდეგ სავალუტო აუქციონზე ლარი სამი თეთრით 2.45-მდე გამყარდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 2015 წლის 21 სექტემბერს კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

22 იანვრის ვაჭრობის შედეგები 16:00 საათისთვის.

კომენტარები