ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენების გამო კვლავ შეშფოთებულია

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციაში საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებაზე, პროკურატურის რეფორმირებასა და პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელობაზეა საუბარი.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლებები და ინფორმაციის მრავალფეროვნება არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები.

ევროპარლამენტი შეშფოთებულია საქართველოში მედიაპლურალიზმზე იმ უარყოფითი გავლენის გამო, რაც, მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმემ იქონია. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იყოს მედიაპლურალიზმისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სასამართლო საქმეები უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს და სრულად გაატაროს მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და დეპოლიტიზების ჩათვლით. ევროპარლამენტი შეშფოთებული რჩება პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლითაც პროკურორები და გამომძიებლები ირჩევიან; ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უწყვეტი ძალისხმევისკენ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებლობის, ეფექტურობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის განსამტკიცებლად, ასევე შსს-სა და სუს-ის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის გაზრდისკენ", - წერია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტი შეშფოთებულია წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენების გამო, განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების მიმართ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასწრაფო და მკაფიო გარემოებებში უნდა იყოს გამოყენებული.

ევროპარლამენტი იხსენებს ვენეციის კომისიის 2015 წლის 22 სექტემბრის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი და ადეკვატური ზომები, რათა დაიცვას მოსამართლეები და მათი ოჯახები, გამოიძიოს და დასაჯოს ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და მომწიფებული პოლიტიკური სისტემისთვის. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ძალადობრივი აქტი განხორციელებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ უნდა იყოს სწაფად და საფუძვლიანად გამოძიებული.

ევროპარლამენტი მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, გააუმჯობესონ პოლიტიკური კლიმატი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის თავიდან აცილების გზით და მიმართონ დიალოგს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მიესალმება პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით.

კომენტარები