საფონდო ბირჟა

მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობკომპანია Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე გადის

საუდი არამკოს ქარხანა
cnbc.com

მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობკომპანია SAUDI ARAMCO საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზების გაკეთებას (IPO) გეგმავს. კომპანიის 100%-იანი წილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკუთვნის, მის საკუთრებაში არსებული საბადოების დამტკიცებული მარაგი მსოფლიოში ყველაზე დიდია და ის 260 მილიარდ ბარელს აჭარბებს. კომპანია ამ 260 მილიარდიდან ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონ ბარელს მოიპოვებს, რაც ყველა ამერიკული ნავთობგიგანტის ერთობლივ მოპოვებას აჭარბებს.

საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ კომპანიის ღირებულება სავარაუდოდ $3 ტრილიონს გადააჭარბებს. ანალიტიკოსების შეფასებით, საფონდო ბირჟაზე გასვლა Aramco-სთვის ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული შემოსავლების კლების დაბალანსებაში დაეხმარება. 

Bloomberg-ის ცნობით კომპანიის ღირებულება $2.5-დან 10 ტრილიონამდე იქნება. ანალიტიკოსების ინფორმაციით კომპანია საფონდო ბირჟაზე აქციების მხოლოდ მცირე ნაწილს გაიტანს, რადგანაც დიდი ნაწილის გატანისთვის კომპანიამ საკუთარი ფინანსები გაცილებით გამჭვირვალე უნდა გახადოს. არსებობს ვარაუდი, რომ Aramco-მ საფონდო ბირჟაზე აქციების მაქსიმუმ 20% შეიძლება გაიტანოს. ამის მიზეზი საუდის არაბეთისთვის მისი მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობაა. 

ნავთობის ბაზარზე უკანსკნელი მსხვილი აქციების პირველადი შეთავაზება 10 წლის წინ იყო, მაშინ IPO-ს შედეგად რუსულმა Rosneft-მა $10 მილიარდი მოაგროვა.

კომენტარები