ჯანდაცვა

ენმ: ხარჯვის არსებული ტემპით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი აგვისტოში ამოიწურება

ტაბულა

2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მილიონია, აქედან 18 მილიონი უკვე დახარჯულია, ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ხარჯვის ასეთი ტემპი იმის რისკს ქმნის, რომ პროგრამის ბიუჯეტი აგვისტოში ამოიწუროს. პროგრამის ბიუჯეტით დღეში საშუალოდ ხარჯვა 1.56 მილიონი ლარი უნდა იყოს 8 იანვრის მდგომარეობით კი დღიური ხარჯვის ტემპი გაცილებით მაღალი 2.25 მილიონი ლარია, რაც პროგრამის ბიუჯეტის გარღვევის საფრთხეს ქმნის. 

"8 იანვარს სამინისტროს უკვე 18 მლნ აქვს დახარჯული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის განსაზღვრული 570 მლნ ლარიდან. ხარჯვა რომ ამ ტემპით გაგრძელდეს, 570 მლნ აგვისტოს ბოლოს უკვე ამოწურული იქნება. შეგახსენებთ, 2015 წელს განსაზღვრული 470 მლნ ლარი უკვე ოქტომბერში ამოიწურა და საბოლოოდ პროგრამას 101 მლნ დაემატა. დამატების იმედად დავით სერგეენკო წელს ვერ იქნება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს." - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის ხარჯების უკეთ დაგეგმვის რეკომენდაციას მთავრობას ოპოზიციასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) აძლევს: 

"ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ 2016 წელს საკუთარ ხარჯებს მონიტორინგი გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით უნდა გაუწიოს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხარჯები სწორად გაანაწილოს, რათა გაზრდილი ხარჯები მთავრობამ დეფიციტებით არ დააფინანსოს",- წერია სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფიტსის ოფიციალურ მიმართვაში.

ზურაბ ჭიაბერაშვილი არასწორი დაგეგმვით გამოწვეულ ხარჯვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსგავსი ხარჯების გაწევა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, რადგანაც მან ლარის გაუფასურების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს. 

"საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის ერთი ნაწილია მხოლოდ. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2016 წელს უფრო დიდი უძირო ქვევრი არ აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დავალიანებების ერთბაშად გასტუმრებას სხვა ეფექტიც აქვს. ამ ეფექტს სავალუტო ჯიხურების აბრებზე უნდა დავაკვირდეთ, ან საკუთარ ჯიბეზე"- ამბობს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები