ტურიზმი

2015 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

2015 წელს ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს დარჩნენ 49.5 ათასით გაიზარდა, რაც ტურისტების 2.2%-იან ზრდას ნიშნავს. 2015 წელს საქართველოში 24 საათზე მეტი ხანი 2.27 მილიონი ადამიანი დარჩა. 2015 წელს საქართველოს საზღვარი 5.89 მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.9%-ით აღემატება, ზრდა ძირითადად ტრანზიტს უკავშირდება, რომელიც წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. წელს საქართველო ტრანზიტისთვის 1.4 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა. გასულ წელს თურქი ვიზიტორების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, ასევე 2%-ით შემცირდა უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა. 10%-იანი ზრდა შეიმჩნევა სომეხი ვიზიტორების რაოდენობაში, ასევე 8%-ითაა გაზრდილი აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა.

ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. სომხეთი -1.46 მილიონი ვიზიტორი (ზრდა 10%)
  2. აზერბაიჯანი - 1.39 მილიონი ვიზიტორი (ზრდა 8%)
  3. თურქეთი - 1.39 მილიონი ვიზიტორი ( კლება 4%)
  4. რუსეთი - 925 ათასი ვიზიტორი (ზრდა 14%)
  5. უკრაინა - 141 ათასი ვიზიტორი (კლება 2%)

ტურიზმი გასული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩეოდა: 2011 წელს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 38% იყო, 2012 წელს 56%-ს მიაღწია, 2013 წელს ვიზიტორთა ნაკადი 22%-ით გაიზარდა. 2014 წელს ზრდა 9.5-ჯერ შემცირდა და 2.3% შეადგინა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 6.9%-მდე გაიზარდა.

ტურიზმში არსებული დაბალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასულ წელს  47 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, წელს კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 47%-ით შემცირდა და 25 ათასს შეადგენს. ასევე 55%-ით შემცირდა ერაყელი ვიზიტორების რაოდენობა, წელს საქართველოში სულ 9.7 ათასი ერაყის მოქალაქე შემოვიდა.  სავიზო რეგულაციების  შემოღებამდე კი საქართველოში ირანელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელს მან 89 ათასსაც მიაღწია. ირანელი და ერაყელი ვიზიტორების შემცირება საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბრუნვაზეც უარყოფითად აისახება.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 7% მოდის. ამასთანავე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები