ენერგეტიკა

ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესის მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს

energy.gov.ge

ენერგეტიკის სამინისტრო ეძებს ინვესტორს, რომელიც $730 მილიონს ჩადებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურში. ენერგეტიკის განვითარების ფონდმა პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ჰესი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში აშენდება. სამინისტროს განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ახალი ჰესი საქართველოს საექსპორტო პოტენციალს გაზრდის. ნამახვანჰესის პროექტი განხორციელების შემთხვევაში ხუდონჰესისა და ნენსკრაჰესის შემდეგ მესამე უმსხვილესი ჰიდროპროექტი იქნება.

სამინისტროს პირობები კი ასე გამოიყურება:

  • სიმძლავრე - 433 მეგავატი
  • წლიური გამომუშავება - 1.5 გიგავატი
  • ინვესტიცია - $730 მილიონი
  • მშენებლობის ვადა - 5 წელი
  • ჩაბარების სავარაუდო თარიღი - 2021 წელი

ჰესის წინასწარი დიზაინი:


ფოტო: energy.gov.ge

ნამახვანის ჰესის მშენებლობის იდეა არსებობდა 1930-იან წლებში, თუმცა მაშინ სხვა უფრო მარტივი პროექტის დაფინანსება გადაწყდა. მშენებლობის იდეა არსებობდა ასევე 1980-იან წლებში, მაშინ მიიჩნიეს, რომ ხუდონის პროექტის განვითარება უფრო მოგებიანი იქნებოდა. პროექტის განხორციელების იდეა არსებობდა 2007-2012 წლებშიც. 2014 წელს კი იტალიურმა არქიტექტურულმა ბიურომ Studio Pietrangeli პროექტის ძირითადი მონახაზის შემუშავება დაასრულა.

ამ დროისთვის საქართველოს უმსხვილესი ჰიდროპროექტის ხუდონჰესის განვითარება ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტსა და დაფინანსებაში არსებულ გარკვეულ შეფერხებებს უკავშირდება. მეორე უმსხვილესი ნენსკრაჰესის მშენებლობა კი 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მას იტალიური კომპანია Salini Impregilo აშენებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკთან ერთად EBRD და კორეის სახელმწიფო ენერგოკომპანია K water აფინანსებენ. 

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ირანთან, სომხეთთან და რუსეთთან უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ქვეყნები ერთიან ენერგოსივრცეს შექმნიან. კალაძის თქმით, ამ ხელშეკრულებით, საქართველოში წარმოებული ელექროენერგიის ირანში გატანა მოხდება. 

კომენტარები