ვიზალიბერალიზაცია

ავრამოპულოსი: მალე უკრაინელებს შენგენის ქვეყნებში ვიზა აღარ დასჭირდებათ

euractiv.com

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციაზე ანგარიში უკრაინის შესახებაც გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსად, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები უკრაინამაც შეასრულა.

ევროკომისარმა მიგრაციის, მოქალაქეობისა და საშინაო საქმეების საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ის მიესალმა იმ უდიდეს პროგრესს, რომელიც უკრაინამ განიცადა.

„მე ძალიან მიხარია, რომ მალე უკრაინელები შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ გადაადგილებას. უკრაინის მთავრობას მინდა მივულოცო წარმატებულად განხორციელებულები რეფორმები და ეს უდიდესი პროგრესი, რომელიც მომავალში ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინელ ხალხს. მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავმა შრომამ, შედეგი მოიტანა. მათ მიაღწიეს საჭირო სტანდარტებს და ახლა მთავარია, შეინარჩუნონ ეს ნიშნული", - თქვა ავრამოპულოსმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საკითხზე კომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას რეგულაციაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციაზე ანგარიში საქართველოს შესახებაც გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. უკრაინის მსგავსად, ევროკომისია საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს საკითხზეც 2016 წლის დასაწყისში წარადგენს.

კომენტარები