ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: ევროკომისიის ანგარიში არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენ მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა. ეს არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე, სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზალიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელი არის გარკვეული ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ევროკავშირმა ფაქტობრივად აღაირა ჩვენი განუყრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, საქართველოს წინსვლა ევროპული ფასეულობებისკენ, სწრაფვის გზაზე ის თანმიმდევრული ძალისხმევა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია, რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. ამ შრომამ ევროპელი კოლეგების ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის ვართ ლიდერი სახელმწიფო. დღეს ჩვენ თანამედროვეთა და წინაპრების ოცნება ავიხდინეთ. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება, ევროპელებთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში, ნახევარი წლის განმავლობაში, 90 დღით უვიზოდ შესვლას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაზე.

კომენტარები