საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ანგრიში სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.
"საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. ამ ერთიანობამ ქვეყანას მოუტანა ის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებისათვის. დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენი ამოცანაა, ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესი და ძალისხმევა არ დავიშუროთ დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება იქნება კვლავაც ერთიანი ჩვენი ევროპული არჩევანის ხორცშესხმისათვის. ჩვენი არჩევანი ევროპული არჩევანია, ევროპა ჩვენი კეთილდღეობა და პროგრესია, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. მე, როგორც პრეზიდენტი, კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ამ სტრატეგიული მიზნის რეალიზებას უკავშირდება", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.





