ამერიკის ეკონომიკა

2006 წლის შემდეგ პირველად, ამერიკამ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

FED-ის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი
Joshua Roberts / REUTERS

ამერიკის შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდმა (FED) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც FED კომერციულ ბანკებს მიაწვდის ფულად რესურსს, 0.25%-დან 0.5%-მდე გაიზარდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის კონტროლს ისახავს მიზნად, თუმცა ის ასევე სხვა ვალუტებთან მიმართებით დოლარის ღირებულებას გაზრდის.

FED-ის თავმჯდომარის ჯანეტ იელენის გადაწყვეტილებით, ამერიკის ეკონომიკას იაფი ფულით წახალისება აღარ ესაჭიროება, რის გამოც აღარ არსებობს შერბილებული პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობა. FED გადაწყვეტილების მიღების დროს ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და ახალი სამუშაო ადგილების სტატისტიკას გაითვალისწინებს. წელს აშშ-ში 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის მაჩვენებელი კი გასული შვიდი წლის მინიმუმამდე - 5%-მდე შემცირდა. 

FED მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას სავარაუდოდ 2016 წელსაც გააგრძელებს, ანალიტიკოსების შეფასებით, ერთი წლის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამერიკაში 1%-ზე მაღლა იქნება.

ამერიკაში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრისთვის, გასული წლების მანძილზე იაფი ფულის პოლიტიკა მოქმედებდა. 2006 წლის ივნისში ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.25%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მუდმივად ამცირებდა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კი FED-მა საპროცენტო განაკვეთის თითქმის 0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დოლარის გამყარებას იწვევს. იმის გამო, რომ FED-ის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ბაზრებზე უკვე დიდი ხანია (ნახევარ წელზე მეტი) ელოდნენ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი დოლარის სიმყარეში უკვე იყო ასახული. დოლარის ინდექსი DXY ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაახლოებით 1%-ით გაიზარდა და 99 გახდა.

FED-მა 2015 წელს სამიზნე 2%-იანი ინფლაციის მიღწევა ვერ შეძლო, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გარკვეულ რისკს წარმოადგენს. 0%-ის სიახლოვეს მდებარე ინფლაცია დეფლაციის გაზრდილ რისკზე მიანიშნებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პროგნოზით, FED-ის გადაწყვეტილება ლარზე უარყოფითად არ აისახება, რადგანაც დოლარის სიმყარეში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი უკვე ისედაც იყო ასახული. 

კომენტარები