ამერიკის ეკონომიკა

წლის ბოლოს აშშ-ში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება

finance.yahoo.com/

2015 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, ამის შესახებ ფონდის თავმჯდომარემ ჯანეტ იელენმა ამჰერსტში გამართული ლექციის დასრულების შემდეგ თქვა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის კონტროლს ისახავს მიზნად, თუმცა ის ასევე სხვა ვალუტებთან მიმართებით დოლარის ღირებულებას გაზრდის.

იელენის გადაწყვეტილებამ დოლარის გამყარება უკვე გამოიწვია, დოლარი ევროსთან დაახლოებით 0.6%-ით გამყარდა, ასევე 0.2%-ით გამყარდა იაპონური იენის მიმართაც. დღესვე 0.4%-ით გაიზარდა დოლარის ინდექსიც DXY, რაც დოლარის გამყარებას აშშ-ის სხვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთანაც მიანიშნებს. გადაწყვეტილების შედეგად ბირჟებზე ამერიკული ფიუჩერსების ღირებულება დაახლოებით 0.4%-ით გაიზარდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ანონსმა ნედლეულის ბაზარზეც იქონია გავლენა, უნცია ოქროს ფასი 1%-ით - $1,144-მდე შემცირდა. 

ჯანეტ იელენის თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად. იელენი ამბობს, რომ თუკი ამერიკის ეკონომიკაში რაიმე "სიურპრიზი" არ მოხდა, სარეზერვო ფონდი საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის. ამ დროისთვის აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა შერბილებულია, სარეზერვო ფონდის მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 0-ის ტოლია. 

წელს აშშ-ში 1.7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის მაჩვენებელი კი გასული შვიდი წლის მინიმუმამდე - 5.1%-მდე შემცირდა, რაც ფედერალურ სარეზერვო ფონდს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს აძლევს. შერბილებული მონეტარული პოლიტიკა მიზნად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან აშშ-ის გამოყვანს ისახავდა, თუმცა უკვე 2014 წელს არსებული ეკონომიკური ზრდით აშკარა გახდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოდიოდა.

ინფლაცია გასული 12 თვის მანძილზე ყოველთვიურად სამიზნე 2%-ზე ნაკლები იყო და დაახლოებით 0.3%-ს შეადგენდა. მისი შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენერგომატარებლებზე ფასების მნიშვნელოვანი კლებაა. ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის კიდევ ერთი მიზეზი აშშ-ის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ვალუტის დევალვაციაა, რის გამოც ევროპული და აზიური საქონელი ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაიაფდა. 

კომენტარები