თავისუფალი დემოკრატები

თავდემები: მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკას

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკას. მათივე თქმით, კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება გლობალური დათბობის თანმდევი პროცესებია და ეს საქართველოშიც აღინიშნება. 

"საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის პირველივე დღიდან პარტია დაუყოვნებლად დაიწყებს 21-ე საუკუნის საქართველოს შენებას მწვანე ეკონომიკისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის მხარდაჭერით... მიგვაჩნია, რომ როგორც საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე ეკონომიკური ზრდისათვის გამიზნული სამთავრობო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა იყოს თანხვედრაში ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებებთან და გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენციასთან. კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება, რაც გლობალური დათბობის თანმდევ პროცესებს უკავშირდება, საქართველოშიც შესამჩნევია. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე," - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, პარტიას უკვე შეტანილი აქვს პარლამენტში კანონპროექტი ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების თაობაზე.

"თავისუფალი დემოკრატები მივესალმებით გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით პარიზში მიღებულ საეტაპო გადაწყვეტილებებს, ვიზიარებთ მის სულისკვეთებასა და ფუნდამენტურ ღირებულებებს. 2015 წლის 12 დეკემბერს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა პარიზის 21-ე კონფერენციაზე 195 ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული წინადადებების პროექტს, რომელიც სათბური ეფექტის გამომწვევი აირების ემისიის შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტზე საბოლოო ხელისმოწერა 2016 წლის გაზაფზულზე გაიმართება," - წერია განცხადებაში.


კომენტარები