ადამიანის უფლებები

საია: კვლავ გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აფასებს. ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, წლის განმავლობაში აქტუალურ თემებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები სამართალდამცავთა მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის, გამოძიების და დასჯის მიმართულებით არსებული პრობლემები.

გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ერთდროულად სამ ეროვნულ სატელევიზიო არხთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება. ასევე, გაჩნდა დასაბუთებული ეჭვები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ცდილობდა კონტროლის დამყარებას გავლენიან სატელევიზიო არხებზე.

საია-ს ანგარიშში მოხვდა ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გენერალური პროდიუსერის, ლექსო მაჭავარიანის, ასევე სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავების ფაქტი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წლის განმავლობაში ხელისუფლება შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლს, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. საია-ს განცხადებით, 2012 წლამდე პერიოდის მსგავსად, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობის მუხლებით კრიტიკული აზრის გაუმართლებელი შეზღუდვის შეუცვლელ საშუალებად რჩება.

კომენტარები