საქართველოს პარლამენტი ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმართვას ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე მიიღებს. ამ რეზოლუციით პარლამენტი ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირს მიმართავს.
პროექტში, რომელიც თავისუფალმა დემოკრატებმა მოამზადეს, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს დარჩენილ ქვეყანას - ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად. პარლამენტი ევროკომისიას მიმართავს, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.
დღევანდელ სესიაზე უმცირესობა ითხოვდა, დოკუმენტს ჩამატებოდა ფრაზა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, დაიცვას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები. თუმცა, მათ მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობა არ დაეთანხმა.
ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციტივით, კიდევ ერთი პროექტია წარდგენილი. ის ახალმა მემარჯვენეებმა მოამზადეს და მას სხვადასხვა პარტია უერთდება.





