საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ალასანია: საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატი უნდა შეიქმნას

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ირაკლი ალასანიას აზრით, სწორედ გერმანიას შეუძლია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე მუშაობა.

"გერმანია არის პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივებზე კონკრეტული მუშაობა. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ეს სამკუთხედი - საქართველო-გერმანია-რუსეთი და შეიქმნას ფორმატი, რომელიც ნელ-ნელა დაიწყებს ყველაზე მწვავე პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებზე დიალოგს. თბილისი-ბერლინი-მოსკოვი არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და თავისუფალი დემოკრატები ვგეგმავთ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ავამოქმედოთ ეს სივრცე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

სააგენტოსთან საუბარში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მაია ფანჯიკიძემ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გერმანიასთან ორმხრივი, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრებიც განხორციელდა. თუმცა ალასანიას ინფორმაციით, ამ კუთხით მუშაობა აღარ გაგრძელებულა.

კომენტარები