ვიზალიბერალიზაცია

პარლამენტი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების სახელზე მომზადებულ მიმართვის პროექტს განიხილავენ. თავისუფალი დემოკრატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, პარლამენტი გამოთქვამს მადლიერებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო და მოუწოდებს დარჩენილ ქვეყანას - ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ. გარდა ამისა, რეზოლუციით პარლამენტი ევროკომისიას მიმართავს, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე. პროექტს უმრავლესობა მხარს უჭერს, უმცირესობა კი ითხოვს, ჩაემატოს ფრაზა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, დაიცვას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები.

რეზოლუციას დეპუტატები კენჭს დღევანდელი სესიის ბოლოს უყრიან.

აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის ინიციტივით, კიდევ ერთი პროექტია წარდგენილი, რომელიც ახალმა მემარჯვენეებმა მოამზადეს. ამ პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს, კერძოდ კი - კონსერვატორები, მრეწველები და ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.

კომენტარები