საქართველოს ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 33%-ით შემცირდა

REUTERS

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოში $489 მილიონის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33%-ით ნაკლებია. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში კი FDI-იმ $1 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. 

სექტორების მიხედვით შემცირება შეიმჩნევა ისეთ სექტორებში, როგორიცაა:

  • ენერგეტიკა - $22 მილიონი - 57%-იანი კლება 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - $33 მილიონი - 40%-იანი კლება
  • მშენებლობა -$63 მილიონი - 65%-იანი კლება
  • უძრავი ქონება - $22 მილიონი - 86%-იანი კლება
  • სასტუმროები და რესტორნები - $10 მილიონი - 84%-იანი კლება

ზრდა არის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში (+38%), სოფლის მეურნეობაში (+67%), საფინანსო სექტორსა (+44%) და სამთომომპოვებელ მრწეველობაში (+38%).

ქვეყნების მიხედვით კი პირველ ადგილზე აზერბაიჯანია ($170 მილიონი), მეორე ადგილზე კი - ნიდერლანდები ($55 მილიონი).


ფოტო: საქსტატი

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ კვარტალურ მონაცემებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს. წინასწარსა და რეალურ მონაცემებს შორის სხვაობა შესაძლოა $200 მილიონსაც აღწევდეს, რაც 2014 წლის დაზუსტებული ინვესტიციების გამოქვეყნების დროსაც მოხდა, როდესაც წინასწარსა და საბოლოო მონაცემებს შორის $500-მილიონიანი აცდენა დაფიქსირდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

სულ შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $650 მილიონი. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი - $161 მილიონი.

კომენტარები