ენერგეტიკა

Gazprom კალაძისა და მილერის შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

gazprom.com

რუსული ენერგოგიგანტი Gazprom, ვიცეპრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძისა და Gazprom-ის გენერალური დირექტორის ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ განიხილებოდა ორი საკითხი:

  1. სომხეთში ტრანზიტული რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების დეტალები.
  2. საქართველოს მიერ დამატებითი რუსული ბუნებრივი აირის კომერციული შესყიდვების დეტალები.

Gazprom არ ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოცულობის კომერციული ბუნებრივი აირის შესყიდვაზე გაიმართა მოლაპარაკებები და რა ფასსზე შეთანხმდნენ მხარეები, ან მიაღწიეს თუ არა საბოლოო შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას არც ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კალაძესა და ალექსეი მილერს შორის შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა, ეს მხარეებს შორის მოლაპარაკებათა რიგით მესამე რაუნდია. ენერგეტიკის მინისტრი Gazprom-თან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას დეკემბრის ბოლომდე ელოდება. 

კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა და რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას. საქართველოში ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებლის Socar Georgia-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ბუნებრივი აირით მთელი საქართველოს მომარაგება შეუძლია. 

საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 90% აზერბაიჯანულია, დანარჩენ 10%-ს კი ქვეყანა მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 10% პირდაპირ არის დამოკიდებული სომხეთში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა/კლებაზე. ენერგეტიკის სამინისტრო კი, ამ 10%-ის გარდა, Gazprom-თან მოლაპარაკებებს დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე აწარმოებს. 

თურქეთი და აზერბაიჯანი დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობის ტემპს, რომელიც საქართველოზე გაივლის და რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

კომენტარები