სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პროკურატურა იარაღის უკანონო ტარების გამო დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

პროკურატურა დღეს დაკავებული ოთხი პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სსკ-ის 236 მუხლის მეორე ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ოთხი პირი დღეს დააკავა. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აწარმოებს დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზეც - საქართველოს სსკ-ის 410-ე მუხლის მესამე ნაწილით.

"მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" იდეოლოგიას. დაკავებული პირების ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - აცხადებს სუს-ი.

აღსანიშნავია, რომ სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული პირების მშობლები თავიანთი შვილების ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს გამორიცხავენ. ისინი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობენ, რომ სუს-ის თანამშრომლებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშები და იარაღები თავად მიიტანეს.

კომენტარები