განათლება

პრემიერი: ბიუჯეტით, ჯანდაცვის შემდეგ, ყველაზე დიდი დაფინანსება განათლებას აქვს

Irakli Garibashvili Official/Fb.com

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, "ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი მიმართული იქნება განათლებაზე". ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტით, განათლების მიმართულებაზე დაახლოებით მილიარდი ლარია გამოყოფილი. მისივე თქმით, 2015 წლის აპრილში პედაგოგების საბაზო ხელფასი 405 ლარი გახდა და ეს მატება გაგრძელდება. მან განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს ჰკითხა, 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, განათლების სფეროს დაფინანსება რამდენი პროცენტით გაიზარდა.

"55%-ის ზრდა გვიფიქსირდება და ამას ხაზი გაუსვეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეხვედრაზე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, პრინციპში ერთადერთი ქვეყანა ხართო, ვინც ეს ვალდებულება აიღო და საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებით გაზარდა. მასწავლებლების ხელფასებზეც გვაქვს 2012 წელთან შედარებით საბაზოში 60%-იანი ზრდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საბაზო ხელფასის ზრდა უფრო მეტად ზრდის საშუალო ხელფასს. საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილში გვექნება 600-700 ლარი. ეს ძალიან დიდი სხვაობაა. საშუალო ხელფასი იყო 400-450, მაქსიმუმ 500 ლარი. საშუალოზე როცა ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ყველაზე მეტი მასწავლებლების, რა კონტინგენტიც გვყავს, მათ საშუალო ანაზღაურებას. ამიტომ, ვფიქრობ, აქ არ ვართ ცუდ მდგომარეობაში. 2017 წელს სქემის მიხედვით, კიდევ გვაქვს ზრდა დაგეგმილი, რომელიც უკვე, საბოლოო ჯამში, საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრებს მასწავლებლების ხელფასს", - თქვა სანიკიძემ.

კომენტარები