ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

IDFI: 2014 წელს ყველაზე მეტი თანამშრომელი შსს-დან გაათავისუფლეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს 17 სამინისტროდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ჯამში 1 737 თანამშრომელი გათავისუფლდა. IDFI-ის ცნობით, ყველაზე მეტი თანამშრომელი (1 225) შსს-დან გაათავისუფლეს, ყველაზე ნაკლები კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში (3 თანამშრომელი). სამინისტროებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვითვე, ყველაზე მეტი თანამშრომელი საკუთარი ინიციატივის/პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

2014 წელს განთავისუფლებული თანამშრომლების სიმრავლით მეორე ადგილზეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (73 გათავისუფლებული თანამშრომელი), ხოლო მესამე ადგილს ინაწილებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (თითოეულ სამინისტროში 52 განთავისუფლებული თანამშრომელი). სხვა დანარჩენ სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატებში 2014 წელს განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა 48-დან 8-მდე მერყეობს.

ამასთან, 2014 წელს 14 სამინისტროსა და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატში განთავისუფლებული 1737 თანამშრომლიდან ყველაზე მეტი, 1402 თანამშრომელი, გაათავისუფლეს საკუთარი ინიციატივის/ პირადი განცხადების საფუძველზე, მათ შორის 1113 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

"საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული 17 სახელმწიფო უწყებებიდან 10 უწყების მიერ IDFI-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში პირადი ინიციატივა/ განცხადება თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების ყველაზე ხშირ მიზეზად იქნა დასახელებული. გარდა საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გათავისუფლებული 1113 პირისა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2014 წელს ასევე გათავისუფლდა 112 პირი, დისციპლინური გადაცდომის გამო. კონკრეტულად რა სახის დისციპლინური გადაცდომა გახდა აღნიშნული პირების სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, სამინისტროდან IDFI-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში არ ჩანს", - წერია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მომზადებულ ანგარიშში და აღნიშნულია, რომ 2014 წლის განმავლობაში, სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრთა აპარატებში (სულ 17 უწყება) 116-მა პირმა მუშაობა შეწყვიტა სამსახურის/ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ხოლო 79-მა პირმა - სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. 

კომენტარები