ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

IDFI: 1995 წლიდან რუსეთი საქართველოს უსასყიდლოდ ფინანსურად არ დახმარებია

IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 1995 წლიდან რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია. ამასთან, IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ უსასყიდლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევენ ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნები თუ გაერთიანებები. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოსთვის ერთობლივად გამოყვეს მილიარდ ნახევრამდე აშშ დოლარის უსასყიდლო ფინანსური დახმარება.

"ეს იმის ფონზე, როდესაც ფინანსურ დახმარებასთან ერთად, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ასევე გაგვიწიეს სხვა მნიშვნელოვანი დახმარებაც (შეღავათიანი კრედიტები, მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, დააფინანსეს თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლების თუ კულტურის მხარდაჭერის პროგრამები და სხვა)" - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

IDFI-მ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა. დოკუმენტაციის მიხედვით, 1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392 260 000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272 870 000 აშშ დოლარი. 2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182 140 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წელს 31 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ 129 500 000 აშშ დოლარი შეადგინა.

1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 140 000 აშშ დოლარი ( USA Government – 258 940 000, USA-MCC – 414 410 000, USA USAID – 238 790 000). საქართველოსთვის აღნიშნულ პერიოდში უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე: გერმანია - 118 090 000 აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65 850 000 აშშ დოლარი, იაპონია - 40 920 000 აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 010 000 აშშ დოლარი და უკრაინა 12 600 000 აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში საერთაშორისო გაერთიანებების და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებებს შორის აღსანიშნავია ევროპის კავშირი, კერძოდ ევროკომისია (EC)- 550 370 000 დოლარი, გლობალური ფონდი (GlobalFund) – 56 090 000 აშშ დოლარი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანია (BTC Co) – 45 320 000 აშშ-დოლარი, მსოფლიო ბანკი (WorldBank) – 22 310 000 აშშ დოლარი.

კომენტარები