სამომხმარებლო კალათა

ეროვნული ბანკი: 2015 წლის ბოლოს პროდუქციაზე ფასების მატება არის მოსალოდნელი

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პროგნოზით, 2015 წლის ბოლოს სამომხმარებლო პროდუქციისა და მომსახურების ფასები გაიზრდება. სებ-ის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოს ინფლაცია 6%-მდე გაიზრდება, 2016 წლის პირველ კვარტალში კი ფასების ზრდა გაგრძელდება და ინფლაციის მაჩვენებელი 7% გახდება. ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 5%-ს შეადგენს, უფრო მაღალი ინფლაციის პირობებში კი ბანკმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს.

ინფლაციამ ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელს ოქტომბერში გადააჭარბა, როდესაც წლის მანძილზე მაქსიმალური 5.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ლარის გაუფასურება ახდენს, რის გამოც იმპორტული პროდუქცია ქართველი მომხმარებლებისთვის გაძვირდა. ინფლაციაზე მოქმედი დადებითი მხარე კი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებაა, რის გამოც ამ პროდუქტზე, ლარის გაუფასურების მიუხედავად, ფასების მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. 

პროდუქტებიდან და მომსახურებიდან ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ჯანდაცვის სფეროში დაფიქსირდა (11%), წინა წელთან შედარებით ფასები 4.1%-ით არის გაზრდილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, განათლებაში კი - 4%-ით. 


ფოტო: nbg.gov.ge

ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რისთვისაც ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ან შერბილების გადაწყვეტილებას იღებს. ეროვნულმა ბანკმა 4 ნოემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მონეტარული პოლიტიკის გამკარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გაუზრდის მის მიერ მიწოდებული რეფინანსირების სესხის განაკვეთს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დადებითთან ერთად უარყოფითი ეფექტიც აქვს, რადგანაც ამ დროს ლარში გაცემული და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების ღირებულება ძვირდება.

კომენტარები