სამომხმარებლო კალათა

იანვარში თამბაქოს ღირებულება 9,3%-ით გაიზარდა

მიკაელა რელე / REUTERS

საქსტატის მონაცემებით,იანვარში თამბაქოს ღირებულება 9,3%-ით გაიზარდა. თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდა აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. მთავრობა აქციზის გადასახადის კიდევ ერთ ზრდას წლის მეორე ნახევარშიც გეგმავს.

ფასები 6,6%-ით გაზრდილია ალკოჰოლურ სასმელებზე.

საქსტატის ცნობით, იანვარში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, სადაც მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,3%-ს შეადგენს. ფასები 1,7%-ით გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. 

საქსტატი ყოველთვიურად 295 დასახალების საქონლისა და მომსახურების ფასებს ყოველთვიურად აკვირდება და მას წინა თვისა და წინა წლის მონაცემებს ადარებს. სწორედ სამომხმარებლო ფასების ცვლილებით გამოითვლება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი. ინფლაცია 2015 წლის იანვარში 1,7%-ს შეადგენს. ყველაზე მეტად ინფლაციის მაჩვენებელზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასების 7,3%-იანი ზრდა აისახა. ასევე გავლენა მოახდინა თამბაქოს ფასების ზრდამაც, თუმცა იანვარში ზოგიერთ საქონელზე ფასების კლებაც დაფიქსირდა. 

იანვარს თვეში წინა წელთან შედარებით საწვავის ღირებულება 12%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარში ფასები ტანსაცმელზე 5,8%-ით შემცირდა. ასევე 1,1%-ით შემცირებულია კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ღირებულება.

იანვარში ლარი დოლართან მიმართებით 7%-ით გაუფასურდა, თუმცა დოლარის კურსის ასეთი ზრდა სამომხმარებლო კალათის ფასის ზრდაზე სრულად არ აისახა, რაზეც გავლენა ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებამ იქონია.

 

კომენტარები