დავით ბორჩაშვილის დაკავება

ომბუდსმენის ოფისს დავით ბორჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ტერორიზმის მუხლით დაკავებული დავით ბორჩაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მას სამართალდაცავების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია, თუმცა წარდგენილი ბრალდება მისთვის გაუგებარია. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ბორჩაშვილი დღეს დილით მოინახულეს.

"ის აღნიშნავს, რომ მის მიმართ არ განხორციელებულა რაიმე სახის ზეწოლა არც დაკავების და არც მის შემდგომ და ამ მიმართულებით არ გამოხატავს პრეტენზიებს სამართალდამცავი ორგანოების მისამართით. წინა დღეს, 21 ნოემბერს, როდესაც ის უკან გააბრუნეს დეპორტაციის განმახორციელებელ ქვეყანაში, თურქეთში, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს შეკითხვა თუ რა გახდა საფუძველი მისი უკან გაბრუნებისა, ვინაიდან, 22 ნოემბრის ფაქტი ადასტურებს, რომ მას სამართლებრივად უდასტურდებოდა საქართველოს მოქალაქეობა. ის ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ მოხდა ამ მუხლით ბრალის წაყენება" - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე, პაატა ბელთაძე.

დავით ბორჩაშვილის ოჯახის წევრებისთვის ბრალდება გაუგებარია. მათი თქმით, დასვენების დღეების გამო ადვოკატის დაქირავება ვერ შეძლეს, რამდენიმე ოფისმა კი დახმარებაზე უარი უთხრა.

ექიმების ინფორმაციით, ბორჩაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის. მათი თქმით, მას 7 თვის წინ გაკეთებული აქვს ფეხზე ოპერაცია და აღენიშნება დაინფიცირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი დააკავა. როგორც ტაბულას სუს-ში განუცხადეს, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს".

დამატებით კითხვებს ბორჩაშვილთან დაკავშირებით უწყებაში ამ დროსითვის არ პასუხობენ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ გუშინ საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც ის საქართველოში დააკავეს.

კომენტარები