ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ პარლამენტისგან შერჩევითი სამართლის დაგმობას რეზოლუციით ითხოვს

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტს რეზოლუციის პროექტს სთავაზობს, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტას, ასევე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ეხება. რეზოლუცია ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააცნო.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების და ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების მიერ მომზადებულ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს „პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტის, ასევე ტელეკომპანია რუსთავი 2“-ისადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული რეზოლუციის პროექტის ბიუროს დღის წესრიგში შეტანა, რათა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, რეზოლუციის პროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებულად", - აცხადებს ენმ.

საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუციის პროექტს უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მხარდამჭერთა აქცია. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ინციდენტს აქციის მონაწილეებისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფანიძის მონაწილეობით, რის გამოც დააკავეს რუსთავი 2-ს მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით და მოითხოვა სასამართლოსგან მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ოქტომბერს დააკმაყოფილა, ხოლო 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ დატოვა ძალაში.

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობას და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ნებისმიერი პირის მიმართ.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა რეაგირება ამგვარ ფაქტებზე არ უნდა მოხდეს შერჩევითად და ანალოგიური უნდა იყოს იდენტურ შემთხვევებში. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ბევრად უფრო მძიმე დარღვევები განხორციელდა პარლამენტის წევრთა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა დამნაშავეთა მიმართ მცირე ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება.

საქართველოს პროკურატურის ამგვარი პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყენებს წინასწარი პატიმრობის ზომას პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისათვის, რაც აღინიშნა კიდეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- მივმართავთ საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობას, ყურად იღონ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა, შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლის პრაქტიკის გამოყენება, ასევე უარი თქვან ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობის წახალისებაზე, რის მაგალითებიც მრავლად მოიძებნება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა გამოსვლებში;
- მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, იმოქმედოს უკანასკნელ ხანს ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების ანალოგიურად და შუამდგომლობით შევიდეს სასამართლოში აქციის მონაწილეთა მიმართ მიღებული აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით", - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში.

კომენტარები