რუსთავი 2-ის საქმე

ბერაია: განჩინება არც ევროპულ, არც შიდა საკანონმდებლო სტანდარტებში არ ჯდება

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი გიორგი ბერაია ტაბულასთან საუბარში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის განცხადებას აფასებს. ბერაიას განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის, თუმცა ურთმელიძის განჩინება არც ევროპული და არც შიდა კანონმდებლობის სტანდარტებში არ ჯდება.

"მივიღეთ პირველ რიგში, სასამართლოს განჩინება, სადაც მოსამართლემ აბსტრაქტულად იმსჯელა კონკრეტული არხის სარედაქციო პოლიტიკაზე და არა კონკრეტულ ფაქტზე, არამედ მთლიანად აბსტრაქტულად და სამომავლო რაღაც საფრთხეებიდან გამომდინარე განსაზღვრა, რომ შეიძლება რეიტინგზე გავლენა ექონია კონკრეტულ სარედაქციო პოლიტიკას. რაც მიგვაჩნია, რომ არათუ ევროპულ, არამედ არც ჩვენ შიდა კანონმდებლობის სტანდარტებში არ ჯდება," - აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის აბსოლუტურად დაცული კრიტიკისგან და სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია ბუნებრივი იყო. ბერაია ამბობს, რომ ინტერესთა შეფასება ყოველი საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. 

"ამ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს უპრეცენდენტო შემთხვევა და სასამართლო თავის განჩინებაში აფასებს აბსტრაქტულად კონკრეტული არხის სარედაქციო პოლიტიკას და აქედან ასევე აბსტრაქტულად რაღაც გაუგებარ შიშებს უკავშირებს რეიტინგებთან მიმართებით, აი ასეთ ფონზე შემდეგ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა აუცილებელიც კი არის, გარკვეულ შემთხვევებში. სწორედ ამ უკვე მიღებული განჩინებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ჯდება , როგორც საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში," - განმარტა ბერაიამ.

მისივე თქმით, მედიის ობიექტურობის შეფასება თვითრეგულირების მექნიზმზე უნდა იყოს დაფუძნებული და ამაში სასამართლო არ უნდა ერეოდეს.

კომენტარები