სამომხმარებლო ბაზარი

თავისუფალი დემოკრატები ანტიდემპინგურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებიან

.fd.ge

მთავრობა ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობს, კანონპროექტის მიღებას პარტია თავისუფალი დემოკრატები ეწინააღმდეგება. პარტიის ეკონომიკური გუნდის წევრის ვასილ რევიშვილის შეფასებით, რეგულაციების მიღება, რომლებიც ბაზარზე ფასებს არეგულირებენ, თავისუფალ ბაზარში ჩარევას წარმოადგენს. ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ. 

"არანაირი რეგულაცია, რომელიც ფასებს არეგულირებს ბრძანებით, სწორი ვერ იქნება", - ამბობს თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური გუნდის წევრი ვასილ რევიშვილი. თავისუფალ დემოკრატებთან ერთად ანტიდემპინგურ კანონმდებლობას ბიზნესის შემზღუდველ რეგულაციად აფასებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით კი, უცხოურმა კომპანიამ ადგილობრივი ბაზრის დაპყრობის მიზნით, შესაძლოა განგებ დაბალი ფასები დააწესოს, რითიც ადგილობრივ კომპანიებს აზარალებს.

"აგიხსნით რაციონალს, თუ რა დგას ამ კანონის უკან, როდის მივიღებთ ამ კანონს, ეს განხილვის თემა არის, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ანტიდემპინგი არის აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამის ჩარჩოებში არსებული კანონმდებლობა, რომელიც აქვს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ჩვენ აქ არაკონვენციურს არაფერს ვაკეთებთ. შესაბამისად, ეს არის ელემენტარული ზომა იმისათვის, რომ შენ დაიცვა შენი მეწარმე იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა არაკეთილსინდისიერად ექცევა შენს ბაზარს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის განმარტებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა მოიცავს: "უცხოეთში დამზადებული პროდუქტისთვის უფრო დაბალი ფასის მინიჭება იმ ბაზარზე, რომელზედაც აღნიშნული პროდუქტი იყიდება". WTO-ს სტანდარტების მიხედვით, დემპინგად შეიძლება ჩაითვალოს ქმედება ორ შემთხვევაში:

  1. როდესაც იმპორტიორი კომპანიები პროდუქტის ადგილწარმოშობის ქვეყანაში არსებულ თვითღირებულების ფასზე ნაკლებად ყიდიან საქონელს უცხო ქვეყანაში.
  2. როდესაც იმპორტიორი კომპანიები პროდუქტის ადგილწარმოშობის ქვეყანაში არსებულ ნორმალურ ფასზე ნაკლებად ყიდიან საქონელს უცხო ქვეყანაში.

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. საქართველოში მოხმარებული პროდქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურია, ვაჭრობით დაკავებული კომპანიების 2/3-ზე მეტი სწორედ იმპორტული საქონელით ვაჭრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მათი დიდი ნაწილისთვის პოტენციურ რისკს შეიძლება წარმოადგენდეს.

რიგ შემთხვევებში იმპორტიორი კომპანიები ადგილობრივ მწარმოებლებზე იაფად სთავაზობენ მოსახლეობას პროდუქციას, ამ დროს მოსახლეობა მოგებული რჩება, რადგანაც მათი მსყიდველუნარიანობა ამ საქონლის მიმართ იზრდება. უცხოური, შედარებით იაფი ალტერნატივის გაქრობის შემთხვევაში კი, მოსახლეობის, კონკრეტულად კი მისი შედარებით დაბალშემოსავლიანი ნაწილის, მსყიდველუნარიანობა შემცირდება.

კომენტარები