აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთი ფედერაციული მოწყობის შესახებ მოლაპარაკებებს უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებას ეხმაურება. თვითაღიარებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ აფხაზურ მხარესთან არანაირი მოლაპარაკებები აფახზეთის სტატუსთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ არ მიმდინარეობს. ქართველი პოლიტიკოსების ეს განცხადებები სიცრუეა. ერთადერთი საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელშიც აფხაზური და ქართული მხარეები მონაწილეობენ, კვლავ ჟენევის დისკუსიებია, სადაც აფხაზეთის სტატუსის საკითხი არ განიხილება.

ცხადია, რომ ქართველი პოლიტიკოსების უსფუძვლო განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პირველ რიგში, ეს მიმართულია საქართველოს დასავლელი პარტნიორებისკენ, რომლებიც ფინანსური დახმარების შესახებ წინადადებებს აფხაზეთთან მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის მიხედვით აყენებენ.

აფხაზმა ხალხმა 1994 წელს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღებით საბოლოოდ განსაზღვრა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სტატუსი, რაც საყოველთაო რეფერენდუმითა და 1999 წლის სახელმწიფო დამოუკიდებელობის აქტით განმტკიცდა. საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ოფიციალურად აღიარების საფუძველზე შეიძლება მოხდეს" - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

4 ნოემბერს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება.

კომენტარები