ქრთამი

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე შუახევის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რ. ფ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. ფ.-მ შუახევის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის კანონიერი პროცედურების გავლის გარეშე სარგებლობაში გადაცემისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი.

"რ. ფ.-მ მოქალაქისაგან სრულად აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც იგი დააკავეს. გამოძიება ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები