რუსთავი 2-ის საქმე

რელიგიური გაერთიანებები რ2-ზე: ეს მოვლენები მიგვაქანებს იზოლაციისკენ

ტელეკომპანია რუსთავი 2

8 რელიგიური გაერთიანება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ხელისუფლების ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციისკენ მიაქანებს.

"ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი რელიგიური გაერთიანებები გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატული და თავისუფალი სახელმწიფოს საწინდარს თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია წარმოადგენს. სამწუხაროდ, ის მოვლენები, რომელთა მოწმეებიც ჩვენ გავხდით ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანას უკარგავს სამართლიან და დემოკრატულ ქვეყანად ჩამოყალიბების შანსს და ცივილიზებული და დემოკრატული სამყაროსაგან იზოლაციისკენ მიაქანებს.

ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ, რომელთანაც რელიგიათა საბჭოს წევრ არაერთ რელიგიურ გაერთიანებას აკავშირებს ხშირ შემთხვევაში კრიტიკული ურთიერთობებიც კი. მაგრამ, ჩვენი სოლიდარობა განპირობებულია იმით, რომ ამ ვითარებაში რუსთავი 2 რეალურად წარმოადგენს ოპოზიციურ ტელევიზიას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური მედიის ხელყოფა.

ჩვენ ვლოცულობთ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობისა და მშვიდობისათვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა შესაბამის ინსტიტუციას ეყოფა გამბედაობა და ნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცესების ფარგლებში დაბრუნებისა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

• ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
• საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
• ხსნის არმია
• ქრისტეს ეკლესია
• ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია
• დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
• ქართველ მუსლიმთა კავშირი
• ევანგელისტური ეკლესია "ურყევი საფუძვლები"

 

კომენტარები