რუსთავი 2-ის საქმე

ადვოკატი: ნათელია, რომ ხალვაშის ერთადერთი მიზანი არხის პოლიტიკის შეცვლაა

საერთოდ ზედმეტია სამართლებრივ დასაბუთებაზე საუბარი, იმიტომ, რომ სრულებით გასულია სამართლებრივი სივრციდან ურთმელიძის ეს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით და ძალიან სასაცილო რაღაცები წერია განჩინებაში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ საჯარო რეესტრის ვებ გვერდიდან. კერძოდ, მითითებულია, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ ვინმემ ქონება შეიძლება გადამალოს ან გაანადგუროს, თუმცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რუსთავი 2-ის ყველანაირი ქონება იყო დაყადაღებული. ამისი არანაირი საფრთხე არ არსებობდა. გარდა ამისა, სამართლებრივ საფუძველს თვითონ მოსამართლეც ვერ უთითებს თავის განჩინებაში. თვალი გადავავლეთ და აქ საუბარია ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, თუმცა შიდა კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსამართლე ურთმელიძე არ აკეთებს. მან ჩამოთვალა განჩინებაში, თუ რა უფლებამოსილებები უნდა მიენიჭოთ დროებით მმართველებს. ძალიან საინტერესო საკითხია ის, რომ ცალკე გამოყოფილია სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა, ანუ დროებითი მმართველის ერთ-ერთ უფლებამოსილებად მითითებულია სამაუწყებლო ვადის ოპტიმიზაცია. ეს ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშის ერთადერთი მიზანი სწორედ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა იყო. და სწორედ ამიტომ არის მითითებული ამ განჩინებაშიც, რომ რაც სურს ქიბარ ხალვაშს და მის უკან სახელმწიფო ხელისუფლებას, ეს არის რუსთავი 2-ის პოლიტიკის შეცვლა და კრიტიკული აზრის ჩახშობა, მეტი არაფერი. 

რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით

კომენტარები