საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში, 2014 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა.
2015 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით კი, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. მესამე კვარტლის ზრდა 2.5% იყო.
საქართველოს მთავრობა 2015 წელს 2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, თუმცა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შეფასებით, შესაძლებელია ამ მაჩვენებელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაც. წელს საქართველოსთვის 2%-იან ზრდას ვარაუდობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).
2016 წელს საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2016 წლის ბიუჯეტი 4%-იან ინფლაციაზე იქნება გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს მთავრობა ფასების მნიშვნელოვან მატებას არ ელოდება.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.
საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.





