საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ნუ შევაფასებთ ვითარებას, თითქოს დემოკრატიული პროცესები დანგრეულია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"თუ ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, პროდასავლურიც რომ იყოს, იტყვის, რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არსებობის უფლება, ჩათვალეთ, რომ იმ მომენტიდან იწყება ევროპული ღირებულებების ნგრევაც და ჩვენი დასავლეთზე ორიენტაციის რღვევაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO-ს კვირეულის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე. მისი თქმით, "ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფს, მეორე ადამიანს, მეორე სოციალურ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები და ეს პრობლემები გადალახვადია ერთიანი დიალოგის შიგნით".

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებითვე, "ნუ შევაფასებთ ვითარებას, თითქოს საქართველოში რაღაცა დემოკრატიული პროცესები უკვე დანგრეულია. გასაგებია, რომ არის უკმაყოფილება, არის ემოციები, არის პოლარიზებული ეს ემოციები, არის გადაცდომებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ერთიანი სივრცე დისკუსიის, ურთიერთობის. საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ თანხმობა დასავლური საზოგადოების შენებაზე ამ არჩევნებით მოსულ პარლამენტში ერთმნიშვნელოვნად იქნა დადგენილი და სხვა პოზიცია ჩვენ არც ვიცით".

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს. მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდის პოლიტიკოსების და ქართულ ოცნებასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა. კერძოდ, ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა და ორგანიზაცია თავისუფალმა თაობამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ენმ-ის ლიკვიდაციის მოთხოვნით ოპოზიციის რეგიონული ოფისები დაარბიეს.

კომენტარები