ევროპარლამენტარები საქართველოზე

ევროპარლამენტარები: რაც ხდება საქართველოში, საფრთხეს უქმნის ევროპულ კურსს

ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების, ლიბერალ-დემოკრატებისა და ევროპის სახალხო პარტიიდან შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ისინი ეხმაურებიან რუსთავი 2-ის და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებს. ასევე გმობენ მმართველი ძალის წარმომადგენლების განცხადებებს იოსებ სტალინის "რეაბილიტაციასთან დაკავშირებით". ევროპარლამენტარებისთვის მიუღებელია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ოპოზიციის რეგიონული ოფისების დარბევასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარების მოსაზრებით, ეს ნეგატიური ტენდენციები საფრთხეს უქმნის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასა და ქვეყნის ევროპულ კურსს.

"ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები, ვითვალისწინებთ რა საქართველოს მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის და მივესალმებით გარკვეულ პროგრესს ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით, გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროინდელი მოვლენების გამო, რაც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

უკიდურესად ვღელავთ რუსთავი 2-ის, ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ტელეარხის შესაძლო დაუფლებასა და შედეგად, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს თანაბარ პირობებს და საფრთხეს შეუქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ განგაშს ყოფილი მმართველი ძალის ლიდერების და წევრების, ყოფილი პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების, ყოფილი მერის და აქტივისტების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვშფოთავთ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების მრავალ ფაქტთან, ბრალდების მხარის პოლიტიზებასთან და მოსამართლეების პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევასთან და უდნაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის სისტემატურ დარღვევასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, შოკირებული ვართ პრემიერმინისტრის მიუღებელი განცხადებების გამო ოპოზიციის რეგიონული ოფისების დარბევასთან დაკავშირებით. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იპოვონ დამნაშავეები და წარუდგინონ სასამართლოს.

და ბოლოს, ჩვენ სინანულით ვისმენთ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს იოსებ სტალინის "რეაბილიტაციასთან" დაკავშირებით. ასევე ვწუხვართ მისი ძეგლის რამდენიმე ადგილას აღმართვის გამო. ჩვენ ვგმობთ ამ ფაქტებს და ვთხოვთ მმართველ კოალიციას, სათანადო პატივისცემით მოეპყრას სტალნიზმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს, ქართველების ჩათვლით.

მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და მმართველ კოალიციას, შეაჩეროს ეს ნეგატიური ტენდენციები, რაც საფრთხეს უქმნის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასა და ქვეყნის ევროპულ კურსს.

ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას და ევროპულ საგარეო საქმეთა სამსახურს, თვალყური ადევნონ ამ საკითხებს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად", - წერია ღია წერილში.

კომენტარები