რუსთავი 2-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანიის ადვოკატები საპაექრო სიტყვით წარდგებიან. სავარაუდოდ, სწორედ დღეს გამოიტანს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილებას.
ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მხარდამჭერებს 13:00-ზე, რუსთავი ორის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ "სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე და შესაძლებელია, მიიღონ ბრძანება. ამ ბრძანების ობიექტი კი იქნება რუსთავი 2, თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი". ნიკა გვარამიას ამ განცხადებას შსს გამოეხმაურა და დეზინფორმაცია უწოდა.





