ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

შს მინისტრი: ენმ-ის ოფისებზე თავდასხმისთვის სამ პირს ჯარიმა დაეკისრა

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმისთვის, სასამართლომ სამ პირს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა დააკისრა. როგორც მღებრიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 22 შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება - რვა ფაქტზე. შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაციის წარდგენა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა.

"მე ვიცი, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით, თქვენ დაიწყეთ გამოძიება, თუმცა მაქვს განცდა, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებათ. იქნებ საჯაროდ თქვათ თუ რა სტატუსი გვაქვს, დაიწყო თუ არა გამოძიება ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევასთან დაკავშირებით" - მიმართა პრემიერმა შს მინისტრს.

"მოგახსენებთ, ბატონო პრემიერო. ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში ჩვენ დაწყებული გვაქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. დავაკავეთ სამი პირი ადმინისტრაციულად, რომლებიც გადავიყვანეთ სასამართლოში. შემდგომში სასამართლომ შეუფარდა მათ ადმინისტრაციული ჯარიმები. რვა სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს დაწყებული გამოძიება და უახლოეს მომავალში კიდევ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ. ჩვენი მხრიდან არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა" - თქვა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის მანძილზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებს თავს ესხმიან, ღებავენ და კვერცხებს ესვრიან.

კომენტარები