რუსთავი 2-ის საქმე

კოჟორიძე: რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს ჩვენი წარმომადგენელი ვერ დაესწრება

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი რუსთავი ორის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტი ქიბარ ხალვაშს მხოლოდ იმას დაჰპირდა, რომ ყველანაირად შეეცდება, შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. 

"შეხვედრა შედგა ბატონი ქიბარ ხალვაშის ინიციატივით. შეხვედრაზე ჩვენ მოვუსმინეთ მას, გაგვაცნო ის პოზიცია, რაც აქვს სასამართლოში და რაც მოხდა, მისი აზრით, ამ საქმესთან დაკავშირებით წლების წინ. შეხვედრის მიზანი იყო, რომ მისთვის მოგვესმინა და გავცნობოდით მის პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ ვერ შევალთ ამ კონკრეტული სამართლებრივი დავის იურიდიულ დეტალებში და ვერ გავაკეთებთ შეფასებას, რომელი მხარეა მართალი და რომელი - მტყუანი. ერთადერთი ჩვენი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ სასამართლომ მშვიდ ვითარებაში მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ცხადია, ჩვენი წარმომადგენელი, ვერც მე და ვერც სხვა, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აღქმული, როგორც სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ამ ნაბიჯს ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გადავდგამთ. ამ კუთხით, რაიმე სამართლებრივი თვალსაზრისით მონიტორინგს ვერ განვახორციელებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიტყვი იმას, რაც აქამდეც გვქონდა ნათქვამი - ეს საქმე არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საქმე, ამიტომ ჩვენ ამ საქმეს მომავალშიც კვლავ აქტიურად მივადევნებთ თვალყურს", - განაცხადა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ქიბარ ხალვაშმა საქმის დეტალებზე ისაუბრა.

"მან თქვა, სამართლებრივად რა პოზიცია აქვს სასამართლოში. ერთადერთი, რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა, არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან ყველანაირად შეეცდება იმას, რომ შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ამ ეტაპზე შეძლო, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა და მე ვფიქრობ, თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას ხუთი დღის წინანდელ ვითარებას, აშკარად დავინახავთ, რომ დღეს ბევრად უფრო მშვიდადაა სიტუაცია, ბევრად უფრო უკეთეს პირობებში შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება და, შესაბამისად, ამ კუთხით პრეზიდენტმა ძალიან აქტიური მოქმედებები განახორციელა", - თქვა კოჟორიძემ. 

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტს დღეს შეხვდა. ხალვაშის თქმით, მან სთხოვა გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგი დააწესოს. მისი აზრით, სასამართლოზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლა ხდება. ხალვაშის თქმით, "პრეზიდენტი დახმარებას დაგვპირდა, მან ყველაფერი გაითვალისწინა".

კომენტარები