გიგა ბოკერიას დაკითხვა

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს

ტაბულა

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ბოკერიას უწყება ჯერ არ ჩაბარებია.

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მას სუს-იდან კონსტანტინე სადათიერაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში 18:30 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტს" უკავშირდება, რის საფუძველზეც დღეს სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება დაიწყეს. საიტი გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

ბლოგმა გაავრცელა თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას "საუბრის სტენოგრამა" სათაურით "სააკაშვილი საქართველოში სახელწმიფო გადატრიალებას ამზადებს" საიტის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას შორის საუბარი სტამბულში ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შედგა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

ბლოგმა wikileaks.center-მა ზაფხულის მანძილზე თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი დიალოგების სტენოგრამები რამდენჯერმე გაავრცელა. ერთ-ერთი საუბრის მიხედვით, სააკაშვილი ორგანოებით ვაჭრობაშიც არის ჩართული. wikileaks.center-ი სოროსის ფონდის საქმიანობაზეც ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, უკრაინაში ნარკომაფიის საქმიანობა სოროსის ფონდთან არის დაკავშირებული.

უცნობია, თუ რატომ შეიძლება ჩათვალოს კონტრდაზვერვის სამსახურმა საიტი სახელწმიფო გადატრიალებისა და შეთქმულების შესახებ გამოძიების დასაწყებად სანდო წყაროდ.

კომენტარები