ენერგეტიკა

Socar: აზერბაიჯანს ბუნებრივი აირით მთელი საქართველოს მომარაგება შეუძლია

Socar Georgia კახა კალაძის განცხადებას უარყოფს. Socar Georgia-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ბუნებრივი აირით მთელი საქართველოს მომარაგება შეუძლია. "აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდებას", - ამბობს მამედოვი. 

Socar-ის განცხადების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა Gazprom-თან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ენერგეტიკის მინისტრი რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას დეკემბრის ბოლომდე აანონსებს, ამ დროისთვის კი რუსული გაზის ფასი და მოცულობა უცნობია.

კახა კალაძემ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში გაზის მოხმარება იზრდება, ამ გაზრდილ მოხმარებას კი აზერბაიჯანი ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც მთავრობამ რუსულ Gazprom-თან დაიწყო მოლაპარაკებები. Socar Georgia-ს ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, რასაც შაჰ-დენიზის საბადოდან დამატებით ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ემატება - ეს კი, საერთო ჯამში, დღიურად 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. "ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოსახლეობისთვის საჭირო მოცულობებს", - ამბობს მამედოვი.

საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 90% აზერბაიჯანულია, დანარჩენ 10%-ს კი ქვეყანა მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 10% პირდაპირ არის დამოკიდებული სომხეთში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა/კლებაზე. ენერგეტიკის სამინისტრო კი ამ 10%-ის გარდა Gazprom-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე. 

საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მოხმარება 2006 წლიდან მცირდება (საუბარია არა ტრანზიტის საფასურად მიღებულ 10%-ზე, არამედ ქვეყნის მიერ შესყიდულ ბუნებრივ აირზე). 2013 წელს კი საქართველოში დამატებითი რუსული ბუნებრივი აირის მოხმარება 0 კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზის სექტორში რუსეთზე დამოკიდებულება მინიმუმამდე იყო დაყვანილი. 


ფოტო: ენერგეტიკის სამინისტრო

ენერგეტიკის სამინისტროში საუბრობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების კიდევ ერთი მიზეზი ფასია. კახა კალაძის თქმით, სოკარი კომერციულ კომპანიებს ბუნებრივ გაზს საკმაოდ ძვირად აწვდის, თუმცა კითხვაზე, იქნება თუ არა რუსული გაზი აზერბაიჯანულზე იაფი, კალაძეს პასუხი არ აქვს, რადგანაც უცნობია თუ რა ფასად და რა მოცულობის გაზს იყიდის Gazprom-ისგან. 

კომენტარები