მედიაგარემო საქართველოში

თავისუფალი დემოკრატები: ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას - დემოკრატიას ებრძვის

თავისუფალმა დემოკრატებმა მედიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართეს. მათი მოსაზრებით, ხელისუფლება საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ანუ დემოკრატიას ებრძვის.

"ბოლო დროს მედიაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ის, რაც ხდება იმედში, მაესტროზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ზე, შეიძლება, ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ მედიაგარემოს თანმიმდევრული შეზღუდვა დაიწყო მასზე კონტროლის დასამყარებლად. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ანუ დემოკრატიას ებრძვის. თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსთავი 2 მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიაა, მაგრამ რუსთავი 2 ხელისუფლების კონტროლის მიღმაა, დემოკრატიული საზოგადოებისთვის კი აუცილებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების არსებობა", - ამბობს პარტიის წევრი ირაკლი ჩიქოვანი.

თავისუფალი დემოკრატების თქმით, პროცესები მკვეთრი დაპირისპირების გზით მიდის, რასაც შეიძლება, ძალადობრივი ქმედებები მოჰყვეს. "მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას", - აცხადებენ პარტიაში.

ამასთან, პრემიერის გუშინდელ განცხადებას პარტიაში შემაშფოთებელს უწოდებენ და ძალადობისკენ მოწოდებად აფასებენ. ასევე ემიჯნებიან ნაციონალურ მოძრაობას და ამბობენ, რომ მოწოდებები შესაძლო მასობრივ გამოსვლებზე მიუღებელია.

კომენტარები