ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

NGO-ები: იქმნება ეჭვი, რომ პროცესები მართულია ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისებზე თავდასხმებს. მათი განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ქმედებები პროვოცირებულია 17-18 ოქტომბერს საჯაროდ ნაჩვენები წამების და სექსუალური ძალადობის კადრებით. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქმნის დესტაბილიზაციისა და პროცესების სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლის რეალურ საფრთხეს. NGO-ების განცხადებით, პოლიციის უმოქმედობა ოპოზიციური პარტიის ოფისებსა და წარმომადგენლებზე თავდასხმების დროს აჩენს რეალურ ეჭვს, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და პოლიტიკურ მიკერძოებას. მათ ამ კონტექსტში ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავება გაიხსენეს, ასევე, რუსთავი 2-ის მხარდამჭერების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მათთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეფარდება. არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მოახდინოს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება განხორციელებულ თავდასხმებზე. ასევე, უზრუნველყოს, რომ პროცესები არ გამოვიდეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან.

"ამგვარი მიდგომა და ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან უკან გადადგმულ ნაბიჯს. აღსანიშნავია, რომ განხორციელებულ თავდასხმებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების და გამგეობების თანამშრომლები, ქართული ოცნების აქტივისტები, თავისუფალი თაობის წარმომადგენლები და აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც ცოცხებითა და კვერცხებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამგვარი ძალადობრივი აქციები მოეწყო ორგანიზებულად საქართველოს შვიდ რეგიონში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, გურჯაანში, თელავში, თეთრიწყაროში, ფოთში და რუსთავში. თავდამსხმელთა საერთო ლოზუნგს წარმოადგენდა სიტყვა - ლიკვიდირებულია. აქციებზე ისმოდა ისეთი განცხადებები, როგორიცაა: SOS ლიკვიდირებულია ენმ, „გაქრით მწამებლებო" და სხვა. აქტივისტებმა ენმ-ს ოფისების კარები აჭედეს რუსთავში, თეთრიწყაროში, გურჯაანში და გორში.

გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეები ამჟღვანებდნენ და ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც სცდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ უფლებას, მათ ჩაიდინეს არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (აქციის მონაწილეებმა თავიანთი პროტესტის აღმნიშვნელი სიმბოლიკით მოხატეს გზის სავალი ნაწილი), რაზეც სამართალდამცველებს არ ჰქონიათ სათანადო რეაგირება. თუ გავითვალისწინებთ ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების ბოლოდროინდელ ინცინდენტს, ასევე ქუთაისში დაკავებულ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერებს, რომლებიც ამჟამად ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, პოლიციის უმოქმედობა ოპოზიციური პარტიის ოფისებსა წარმომადგენლებზე თავდასხმების დროს აჩენს რეალურ ეჭვს, რომ ადგილი აქვს კანონის და სამართლის შერჩევითად გამოყენებას და პოლიტიკურ მიკერძოებას. გასათვალისწინებელია, რომ მსგავს შემთხვევებში, პოლიციის უმოქმედობისა და შემდგომ დამნაშავეთა დაუსჯელობის არაერთი სხვა მაგალითიც არსებობს.

საგულისხმოა, რომ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე მოეწყო ე.წ. წამების კადრების დემონსტრაციული ჩვენება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები. კერძოდ, ზუგდიდის ცენტრში გამართულ ჩვენებას დაესწრო ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. ამგვარი კადრების ასეთი სახით ჩვენება ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ხელოვნურ გაღიზიანებას და მათ შორის დაპირისპირების გამწვავებას. ასევე, იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესები ხელოვნურად არის მართული პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც უმალვე მოჰყვა შედეგი დღეს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების სახით.

ამდენად, ე.წ. წამების კადრების დემონსტრაციული ჩვენება საჯარო მოხელეების აქტიური მონაწილეობით და რამდენიმე საათში მის საფუძველზე მიზანმიმართულად განხორციელებული თავდასხმა ენმ-ის წინააღმდეგ ქართული ოცნების აქტივისტების აქტიური მონაწილეობით, ადასტურებს, რომ აღნიშნული ერთიანი პროცესები არის წინასწარ დაგეგმილი და ემსახურება ხელისუფლების მხრიდან, წინასაარჩევნოდ, მთავარი ოპოზიციური ძალის პოლიტიკური მოვლენებიდან ჩამოშორებას.

ოპოზიციური პარტიებისა და მათი მომხრეების მიმართ ამგვარი ძალადობრივი ქმედებები ცალსახად არადემოკრატიული და უკანონოა. იგი გამოუსწორებელი შედეგების დადგომის საფრთხეს ქმნის როგორც საშინაო, ისე საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით" - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS), მედიის განვითარების ფონდის (MDF), იდენტობის და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები