ენერგეტიკა

კალაძე Gazprom-ზე: მოხმარება იზრდება და ჩვენ გვჭირდება დამატებითი მოცულობები

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ Gazprom-თან მოლაპარაკებების შესახებ ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ საქართველოს აზერბაიჯანისგან ნებისმიერი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღება შეუძლია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებშიც ხდებოდა რუსეთისგან სომხეთში გატარებული სატრანზიტო აირის 10%-ის მიღებასთან ერთად კიდევ დამატებითი ნაკადების წამოღება. კალაძე Gazprom-თან მომავალ შეხვედრამდე ვერ ასახელებს ზუსტ ციფრებს, თუ დამატებით რა მოცულობის ბუნებრივი აირის იმპორტი მოხდება რუსეთიდან. Gazprom-თან მოლაპარაკებების შესახებ კახა კალაძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტის დროს არ განიხილებოდა. 

ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ Gazprom-ის გენერალურ დირექტორ ალექსეი მილერთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ საკითხს:

1) სომხეთში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას, რაც ქვეყანაში ახალი თბოსადგურების მშენებლობით იყო გამოწვეული და რის გამოც ტრანზიტული აირის მოცულობა და, შესაბამისად, საქართველოს მიერ მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა გაიზრდებოდა. მაგისტრალური გაზსადენის ტრანსპორტირების საფასურს ბუნებრივი აირის 10% წარმოადგენს, რაც საქართველოში რჩება.

2) საქართველოს კომერციული კომპანიებისთვის Gazprom-ის მიერ დამატებითი ბუნებრივი აირის მოწოდებას. კალაძე ამბობს, რომ კომერციული კომპანიებისთვის ბუნებრივი აირი საკმაოდ ძვირი ღირს და თუკი რუსული მხარე კომპანიებს კომერციულად მომგებიან ფასად შესთავაზებს, ეს მისასალმებელი იქნება. თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ რა იქნება რუსული გაზის საფასური და რომელი კომპანიები შეიძენენ მას. 


ფოტო: ენერგეტიკის სამინისტრო

"ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს 2019 წლამდე, სანამ შემოვა შაჰ-დენიზის მეორე ფაზა. თქვენ ხედავთ, თუ როგორ იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება და ის მოცულობა, რასაც ვიღებთ შაჰ-დენიზის პირველი პროექტისგან, ეს არის საერთო მოხმარების დაახლოებით 35%-40% და არა მეტი. მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი მოცულობები", - ამბობს კალაძე. 

კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ამ დამატებითი მოცულობების აზერბაიჯანული მხრიდან მიღება, კალაძე ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა არც ახლანდელ და არც წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა. 

კალაძე რუსული გაზის პოტენციურ მომხმარებლებად მიიჩნევს კომერციულ კომპანიებს, მათ შორის - გაზგასამართ სადგურებს. 

კომენტარები