დანაშაულის სტატისტიკა

შსს: სექტემბერში ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული 11.11%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის სექტემბრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული 11.11%-ით გაიზარდა.

კერძოდ, წელს სექტემბერში ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 410 ფაქტი დაფიქსირდა, გასულ წელს კი, 369. გაზრდილია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (+5) და ოჯახური ძალადობის (+31) შემთხვევები.

გარდა ამისა, 3.72%-ით (10 ფაქტი) გაიზარდა "სხვა დანარჩენის" კატეგორიაში გაერთიანებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცემას, ძალადობას, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას - გაუფრთხილებლობით, უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით. ასევე, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, განსაცდელში მიტოვებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის სექტემბრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 8.51%-ით გაიზარდა.

კომენტარები