აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ნაცვლიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა აზრი დააფიქსირონ

მდგომარეობა არის ძალიან მარტივი სამართლებრივადაც. ეს დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთ-ერთი მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ასეთ ქმედებას იერსახის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად. ანუ ინტერესი, რომელსაც სახელმწიფო ამბობს, რომ იცავს, არის ქალაქის იერსახე. ასეთ შემთხვევაში მარტივია, გაკეთდეს ბალანსი, რომელი ინტერესი უფრო მაღლა დგას, ქალაქის იერსახის თუ ის ინტერესი, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ ძალიან აქტუალურ საკითხზე სურვილი, გამოხატონ თავიანთი პოზიცია, დააფიქსირონ საჯარო სივრცეში და ხმა მიაწვდინონ სხვა მოქალაქეებს ამ საკითხზე. სად არის საჯარო ინტერესი? რომელი უფრო მაღალია? ქალაქის იერსახის დამახინჯება ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ასევე მუდმივი და, რა თქმა უნდა, ეს ბანერები შეიძლება, ჩამოიხსნას. იერსახის მუდმივ დამახინჯებას ეს არ იწვევს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესია, რომ მშვიდობიანი ფორმებით მოქალაქეებმა თავიანთი მოსაზრება დააფიქსირონ. ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მეორე ინტერესი გაცილებით უფრო მაღლა დგას, ამ ინტერესს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და ყველამ, დაწყებული სამართალდამცავი ორგანოებიდან, დამთავრებული სასამართლოთი, უნდა იხელმძღვანელოს ამ ქვეყნის უზენაესი კანონით, რომელიც არის კონსტიტუცია. მე ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ძალიან მოძველებული დოკუმენტი, 1984 წლის, ანუ საბჭოთა პერიოდში მიღებული კანონია. მართალია, მიმდინარეობს მუშაობა მისი რეფორმისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით ამ რეფორმას და ვერ დაველოდებით, როდის გახდება ეს კანონი უფრო პროგრესული. მოსამართლეებს და პოლიციელებს ეკისრებათ ვალდებულება, იხელმძღვანელონ კონსტიტუციით და განსაჯონ, რომელი ინტერესი არის უპირატესი. აქვე მინდა ერთი განმარტება გავაკეთო, ვვარაუდობ, რომ მოვისმენთ ასეთ განმარტებებს და შეფასებებს, რომ სასამართლო გადაწყვეტს ამ საკითხს. არა, ეს არ იქნება სწორი მიდგომა. პოლიციელებს, სამართალდამცავებს, რომლებიც ადგენენ ოქმს და აკავებენ ადამიანს ამ მუხლის დარღვევის საფუძველზე, ეკისრებათ ვალდებულება, რომ, სანამ სასამართლოში მივა საქმე, თავად იმოქმედონ სწორად. სწორი მოქმედება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მდგომარეობს იმაში, რომ ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით და იმ ფუნდამენტური უფლებით, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციით დაცული და არა ქვემდგომი ნორმატიული აქტით.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები